სიახლეები
26.04.2022
საქართველოს მთავრობამ „ ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმებისათვის მინიმალური პირობების განსაზღვრის წესის“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადგენილება მიიღო
ტექნიკური რეგლამენტის მიზანია ვაზის ჯიშის განსხვავებულობის, სტაბილურობისა და ერთგვაროვნების მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლების შემოწმებისათვის პირობების დადგენა. ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სავალდებულო ხდება, შეიქმნას ვაზის იმ ჯიშების კატალოგი, რომლებიც აღიარებულია ქვეყნის ტერიტორიაზე სტანდარტული გასამრავლებელი მასალის სერტიფიცირებისა და შემოწმებისათვის. ჯიშების შემოწმება განხორციელდება მოსავლის შემოწმების გზით, რომელმაც უნდა მოიცვას მახასიათებლების საკმარისი რაოდენობა, რაც შესაძლებელს გახდის ჯიშების აღწერას. ასევე უნდა განისაზღვროს შემოწმების განხორციელების მინიმალური პირობები, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს არსებული სამეცნიერო და ტექნიკური ცოდნის საფუძველზე.ვაზის ჯიშობრივი მახასიათებლების შემოწმების განმახორციელებელი ორგანო იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. დადგენილება ძალაში 2023 წლის პირველი მარტიდან შედის. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი მომზადდა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულების ეფექტიანი შესრულების უზრუნველსაყოფად.