facebook
youtube
mail

სიახლეები

13.05.2022

ENPARD IV-ის ფარგლებში, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიმართულებით, სავალდებულო ორივე ინდიკატორი შესრულებულია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა და სერტიფიცირების სამსახურმა, ENPARD-ის პროგრამის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე, საქართველოში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესის დანერგვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები განიხილეს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ENPARD IV-ის ფარგლებში, თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების მიმართულებით, სავალდებულო ორივე ინდიკატორი შეასრულა. სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარგავი მასალის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, დღეისთვის, 7 სანერგე მეურნეობა აწარმოებს CAC კატეგორიის (Conformitas Agraria Comunitatis) სარგავ და გასამრავლებელ მასალას, რაც 2014/98/UECAC დირექტივას შეესაბამება. სასურსათო უსაფთხოების გაზრდის მიზნით კი, 2021 წელს, ქვეყნის მასშტაბით ხორბლის წარმოებისთვის სერტიფიცირებული თესლის გამოყენება, 2019 წლის საბაზისო ნიშნულთან შედარებით, 30%-ით გაიზარდა.

სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს საერთაშორიო ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოში სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვის პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი 2015 წლიდან ახორციელებს, რომელსაც 2017 წელს სარგავი მასალის სერტიფიცირება დაემატა.

2017 წლის 1 ივნისიდან სერტიფიცირების პროცესს კანონი „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ არეგულირებს, რომელიც მიზნად ისახავს თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას. კანონი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან, შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.