სიახლეები
01.09.2022
ქვემო ქართლში კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის დადგენილების „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალას და ნერგებს“ თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე არ ახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან იღებს.
სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. ცენტრის წარმომადგენლები საველე ინსპექტირებისას, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით ხელმძღვანელობენ.
თესლისა და სრგავი მასალის სერტიფიცირება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს, რაც ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით უზრუნველყოფს, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.