სიახლეები
28.09.2022
ჯიღაურას ბაზას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები და სტაჟიორები ესტუმრნენ. აგროტურის „საგანმანათლებლო და სამეცნიერო პრაქტიკის დანერგვა“ ფარგლებში, სტუმრებმა ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოები დააგემოვნეს.„კადრების გადამზადების, ცოდნის გაღრმავებისა და დარგში არსებული სიახლეების გაცნობის თვალსაზრისით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სადემონსტრაციო და ლაბორატორიული ბაზებით წარმოადგენს საუკეთესო ინფრასტრუქტურას", - აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ბოლქვაძემ.
აგროტურის ფარგლებში, მომავალი აგრონომები წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ ბაზასაც ესტუმრნენ, მცენარეთა მიკროკლონური (IN VITRO) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ლაბორატორიის მუშაობასა და მიმდინარე კვლევებს გაეცნენ.
ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე არსებულ საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის ქართული 470-მდე და 350 უცხოური ჯიში, ველური ვაზის 120-ზე მეტი ფორმა, თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურების 42 ადგილობრივი და 270-ზე მეტი ინტროდუქცირებული ჯიში. ახალგაზრდა კადრების დაინტერესების, მოზიდვის, მომზადებისა და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით, ცენტრის ბაზებზე რეგულარულად მიმდინარეობს სპეციალისტებთან შეხვედრები და ტრენინგები.