facebook
youtube
mail

სიახლეები

29.09.2022

მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო უნივერსიტეტების დელეგაციის წევრები ჯიღაურას ბაზას ესტუმრა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო უნივერსიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: ესპანეთის, ჩილეს, ურუგვაის, მონტევიდეოს და სამხრეთ აფრიკის წამყვანი უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის პროფესორები და ექსპერტები.

შეხვედრაზე მხარეებმა მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა ხელს უწყობს საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციას.

„ცენტრი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო უნივერსიტეტებთან. შეხვედრის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა სამხრეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებთან, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობაში ერთობლივი კვლევების განხორციელებას ითვალისწინებს“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ჯიღაურას ბაზაზე, ქართული ვაზის კოლექცია დაათვალიერეს და იშვიათი ჯიშის ქართული ყურძნისგან დაყენებულ ღვინოებს გაეცნენ.

დელეგაციის ვიზიტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტის „VitaGlobal - სოფლის მეურნეობისა და მევენახეობა-მეღვინეობის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაცია“ ორგანიზებით განხორციელდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ჩილეს, ურუგვაის, მონტევიდეოს, სამხრეთ აფრიკის, ესპანეთის, არგენტინის იტალიის პორტუგალიისა და საფრანგეთის წამყვანი უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის პროფესორები და ექსპერტები.

5 დღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები კახეთში ღვინის მწარმოებლებთან გამართეს, სადაც მევენახეობა-მეღვინეობის საგანმანათლებლო პროგრამებში კერძო სექტორის ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს.