facebook
youtube
mail

სიახლეები

10.10.2022

ლევან უჯმაჯურიძე მცენარეთა გენეტიკური რესურსების საერთაშორისო მმართველი ორგანოს მე-9 სესიას დაესწრო

ინდოეთის რესპუბლიკაში, ნიუ დელიში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მცენარეთა გენეტიკური რესურსების მმართველ ორგანოს მე-9 სესიას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე დაესწრო. ლევან უჯმაჯურიძე, 2017 წლიდან, FAO-ში საქართველოს გენეტიკური რესურსების კოორდინატორია.

სესიაზე განსაკუთრებული ყურადღება მცენარეთა გენეტიკური მასალების ,,in situ’’ და “ex situ’’ კონსერვაციის მდგრადი და ეფექტიანი სისტემების განვითარებისათვის სათანადო დოკუმენტაციის, დახასიათების, ინვენტარიზაციისა და შეფასების აუცილებლობაზე, გლობალური საინფორმაციო სისტემების შექმნის, განვითარების და გადაცემის ხელშეწყობაზე გამახვილდა.

ძირითადი აქცენტები სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მაქსიმალურ დივერსიფიკაციაზე, ეროვნული გენეტიკური ბანკების შექმნაზე, რესურსების საერთაშორისო ჩართულობაზე, მათ ხელმისაწვდომობაზე, თანამედროვე და ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით გენეტიკური რესურსების დაცვა- გაძლიერებაზე გაკეთდა.

სამუშაო ფორმატში, მცენარეთა გენეტიკური რესურსების, მათ შორის, ველური ფორმების შეგროვების, კონსერვაციის, კვლევის, ინვენტარიზაციისა და მდგრადი გამოყენების საკითხებზე იმსჯელეს; განიხილეს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებთან თანამშრომლობის, ერთობლივი სამეცნიერო პროგრამების შექმნის, განათლებისა და კვლევების გაძლიერების საკითხებიც.

მმართველი ორგანოს სესიაზე, 2023 წელი ფეტვის კულტურის წლად გამოცხადდა. საერთაშორისო ხელშეკრულების მმართველი ორგანოს მომდევნო, მე-10 სესია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ( FAO) სათაო ოფისში, რომში, 2023 წლის ნოემბერში გაიმართება.