სიახლეები
31.10.2022
FAO-ს მონიტორინგის სამსახურმა ჯიღაურაში ეკრანული სათბურები დაათვალიერა
ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფინანსური მხარდაჭერით აშენებული ეკრანული სათბურები (სკრინჰაუსი) FAO-ს ექსპერტმა, ანტუან კოლონა დ'ისტრიამ დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ FAO-ს ექსპერტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საერთაშორისო სტანდარტის ორ სათბურ იზოლატორში დარგული ვაზისა და ხეხილის მაღალი კატეგორიის სადედე მცენარეებზე.800 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებული სათბურ-იზოლატორები გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ ფარგლებში აშენდა. პროექტი ორი სტრატეგიული მიმართულებით: საქართველოში გასამრავლებელი სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვას, საკანონმდებლო ბაზის დახვეწას და სანერგეების შესაძლებლობების გაძლიერებას გულისხმობს, რაც ფერმერებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს 2024 წლამდე სავალდებულო სერტიფიცირების პროცესზე უმტკივნეულოდ გადასვლაში დაეხმარება.
სარგავი მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცესი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, FAO-ს მხარდაჭერით, 2018 წელს დაიწყო. სერტიფიცირების პროცესს კანონი არეგულირებს, რომლის მიზანიც თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და ბაზრის ხარისხიანი თესლით და სარგავი მასალით უზრუნველყოფაა. თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.