facebook
youtube
mail

სიახლეები

04.11.2022

კანზასის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სამუშაო შეხვედრა გამართეს

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები (USDA) და კანზასის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტის პროფესორები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით არსებული მდგომარეობის შეფასება და მომავალი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა სტუმრებს მარცვლოვან კულტურებთან დაკავშირებული ცენტრში მიმდინარე კვლევითი სამუშაოები და პროექტები გააცნეს.

„სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, კონსერვაციას და ამ მიმართულებით სასელექციო საქმიანობის წარმართვას. ცენტრის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პირველად მეთესლეობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, რომელიც მიმართულია სერტიფიცირებული თესლის წარმოებით დაკავებულ პირთა ხელშეწყობისათვის. ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ხორბლის კულტურის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებულ საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებზე მორგებული ახალი აგროტექნოლოგიების დანერგვას და სათესლე მეურნეობების მართვის პრაქტიკის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ.

შეხვედრა USAID-ის პროექტის „კავკასიის სოფლის მეურნეობის განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში გაიმართა.