facebook
youtube
mail

სიახლეები

30.11.2022

USAID-ის კარტოფილის პროგრამა საქართველოში დასრულდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე USAID-ის კარტოფილის პროგრამის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

ინოვაციური პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2019 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა (CIP) საქართველოში სათესლე კარტოფილის წარმოების ინოვაციური 3G მიდგომა დანერგა, რამაც ქვეყანაში მეკარტოფილეობის სექტორის განვითარებას შეუწყო ხელი.

„მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში შეიქმნა მაღალმოსავლიანი, დაავადებისადმი მდგრადი კარტოფილის შიდა მიწოდების ჯაჭვი, რომელიც ორიენტირებული იყო წარმოების რაოდენობის ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე. USAID-ის ხელშეწყობით, ფერმერებს მიეცათ საშუალება, გაზარდონ შემოსავლები, მოამარაგონ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრები, განავითარონ რეგიონის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი კარტოფილის სექტორი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

„პროგრამა სრულდება, თუმცა ამ მნიშვნელოვან საქმეს გააგრძელებს ჩვენი პარტნიორი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. პროგრამამ მაღალი შემოსავალები მოუტანა სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თემებში მცხოვრებ კარტოფილის ფერმერებს და მიგრანტებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. პროექტი USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ ზრდას მთელ ქვეყანაში. ფერმერებს, რომელთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, მოჰყავთ გაუმჯობესებული ჯიშის სათესლე კარტოფილი, რაც ღირებული მოსავალია და, ამავდროულად, იძლევა უკეთესი ხარისხის მოსავლის მიღების შესაძლებლობას“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ლია კაპლანმა.

ღონისძიებაზე საუბარი სათესლე კარტოფილის, როგორც საკვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორის წარმოების სამომავლო გეგმებს შეეხო.

პროგრამა, საერთო ჯამში, 4000-მდე ბენეფიციარს დაეხმარა, 2000-მდე ფერმერმა, სპეციალისტმა და სტუდენტმა კი მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო სახის შეხვდერებში.