სიახლეები
11.07.2023
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაციასა და ყაზახეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივ გაერთიანებას „ალმათის მოყვარული მეფუტკრეების რაიონული საზოგადოება“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა განაცხადა, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი კავკასიური რუხი ფუტკრის გენეტიკური კვლევების ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების შედეგები კიდევ ერთი სტიმული იქნება ცენტრის მიერ მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე აღდგენილი მეგრული პოპულაციის ფუტკრის სანაშენე ბირთვის ადგილობრივად და საზღვრებს გარეთ გამოყენებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია 2020 წელს დაარსდა. ასოციაციაში გაერთიანებულია 12 საფუტკრე მეურნეობა. მეურნეობები, თავის მხრივ, 2350-ზე მეტ სკას მოიცავს, ხოლო ყაზახეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი გაერთიანება „ალმათის მოყვარული მეფუტკრეების რაიონული საზოგადოება“ ყველაზე მსხვილი ყაზახური გაერთიანებაა, რომელშიც 3000-მდე წევრია ჩართული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობა. გვჭირდება საქართველოს გამოცდილების გაზიარება მეფუტკრეობის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცემა, საინტერესო და მნიშვნელოვან კვლევებში მივიღოთ მონაწილეობა, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყაზახურ სამხრეთულ ფუტკრის პოპულაციაში, გენეტიკურად, ქართული მთის რუხი გენი დომინირებს“, - აღნიშნა ალმათის მოყვარული მეფუტკრეების რაიონული საზოგადოების თავმჯდომარემ, ლარისა შიკუნოვამ.