სიახლეები
07.02.2024
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის კულტურა - რიტუალები და გამოყენების უწყვეტი ტრადიცია“ დასრულდა
ქართული ხორბლის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, თბილისში, 2 დღის განმავლობაში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა. კონფერენციაში მონაწილეობას 6 ქვეყნის 80-მდე მეცნიერმა მიიღო.კონფერნციის ფარგლებში, მეცნიერებმა ქართული ხორბლის ენდემურ სახეობებზე და ადგილობრივ ჯიშებზე, ხორბლის მოყვანის ტრადიციებზე, მსოფლიო ხორბლის სელექციაში ქართული ხორბლის როლზე, ხორბლის ენდემური სახეობების და აბორიგენული ჯიშების კონსერვაციაზე, თესლის სერტიფიცირებაზე და პურის ცხობის უძველეს ტრადიციებზე იმსჯელეს.
„ქართული ხორბალი ბევრი ქვეყნის გენბანკშია დაცული. საქართველოში ფერმერები ნელ-ნელა უბრუნდებიან ქართული ხორბლის კულტივაციას, რაც მისასალმებელია. აღნიშნული შესაძლებლობას გვაძლევს, გენეტიკურ მასალას შევუნარჩუნოთ სიცოცხლე. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო და გრძელდება. ვიმოდოვნებ, საქართველოს მთავრობა შემდგომშიც გააგრძლებელს ამ მიმართულებით ფერმერების მხარდაჭერას”, - აღნიშნა კონფერნციის მონაწილემ, ბრიტანეთის სამეფო ბოტანიკური ბაღის წარმომადგენელმა მიშელ ვან სლაგერენმა.
კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ეწვივნენ, ასევე, ქართული პურის ცხობის მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, საქართველოს კულტურისა და სპორტის და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროების მხარდაჭერით გაიმართა.