სიახლეები
28.02.2024
მარცვლოვანი კულტურების ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, 2023 წელს, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, 2000-ზე მეტი ნიმუშია მოძიებული
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა სახელმწიფო უწყებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში, in-situ და ex-situ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება“ 2023 წლის შესრულებული სამუშაოების ანგარიში გააცნეს.2023 წელს, პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ქართული ტრადიციული ჯიშების გენეტიკური მასალა მოიძია. ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღისგან მიღებულია ხორბლის 44 ნიმუში, აშშ-ის გენბანკიდან 227 ნიმუში, მათ შორის, სიმინდის 7, ლობოის 8 და ხორბლის 212 ნიმუში; გერმანიის გენბაკიდან მიღებულია 1773 ნიმუში, მათ შორის, ხორბლის 257, ლობიოს 1219 და სიმინდის 301. სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრის შესაბამისმა სამსახურმა ოთხ რეგიონში: სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში ექსპედიციები გამართა, რომლის ფარგლებშიც ხორბლის 11, სიმინდის 90 და ლობიოს 100 ნიმუშია შეგროვებული.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 4 წლიან საგრანტო პროექტს 2023 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში სამიზნე კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება, საქართველოდან სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბაკებში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნება და გენეტიკური რესურების შეგროვების მიზნით ექსპედიციების მოწყობაა.
პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება ტრადიციული ჯიშების გამოყენება და კონსერვაცია, ეროვნულ და საერთაშორსო დონეზე ხელმისაწვდომი გახდება სამიზნე კულტურების კოლექციების მონაცემები, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ჯიშების ფერმერული მეურნებების პირობებში გავრცელებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ შეხვედრას ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.