სიახლეები
01.07.2024
მუხურის მეფუტკრეობის საცდელმა ბაზამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

მოსწავლეები გაზაფხულზე ფუტკრის მდგომარეობის შეფასების მეთოდებს, დაავადების გამოვლენის კლინიკურ ნიშნებს, მკურნალობისათვის საჭირო პრეპარატების შერჩევასა და მათი გამოყენების წესებს, ასევე, ადრე უდედო ოჯახის გამოვლენის და მისი გამოსწორების მეთოდებს გაეცნენ.
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მორფოლოგიური და ექსტერიერული კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს. სტუმრებს ლაბორატორიის სპეციფიკაზე, მუშაობის პრინციპებზე, მიმდინარე და დასრულებული კვლევის შედეგებზე ლაბორატორიის წარმომადგენელი ლალი ჩიქოვანი ესაუბრა.
მოსწავლეებმა, თეორიული ცოდნის გარდა, მცირე პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს პრეპარატების დამზადებისა და ჯიშურობის განმსაზღვრელი ექსტერიერული ნიშნების პროცესში. ვიზიტის დასასრულს სტუმრებმა მუხურის მეფუტკრეობის ბაზის თაფლი დააგემოვნეს.
აღსანიშნავია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზა, დაარსების 2017 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მონაწილეობს მეფუტკრე-ფერმერების გადამზადება-სწავლების, ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით რეგულარული უფასო ტრენინგების მოწყობაში.