facebook
youtube
mail

სიახლეები

16.07.2024

აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენელის ვიზიტი ავსტრიის ტყეების კვლევით ცენტრში

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური, ავსტრიის ტყეების კვლევის ცენტრთან (BFW) კონსულტაციით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტს „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ (FR22-2188) ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოში გავრცელებული მუხის სახეობების მოლეკულურ-გენეტიკური შესწავლა. აღნიშნულ კვლევას კონსულტაციას ავსტრიელი პროფესორი ბერთოლდ ჰეინზე გაუწევს.

ავსტრიელი კოლეგების გამოცდილების გაზიარების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი ნანი გოგინაშვილი და პროექტში ჩართული ქართველი მეცნიერები სამუშაო ვიზიტით ავსტრიის ტყეების კვლევით ცენტრში (BFW) გენომის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ. ქართველმა მკვლევრებმა აღნიშნული ლაბორატორია დაათვალიერეს, თანამედროვე კვლეებსა და მეთოდებს გაეცნენ და აღმოსავლეთ ევროპაში გავრცელებულ, მათ შორის საქართველოს, მუხის ნიმუშებზე ჩატარებულ გენეტიკური კვლევის შედეგებზე და მათი სისტემატიკური იდენტიფიცირების საკითხებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ პროექტი „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ (FR22-2188) 4 რელიქტური სახეობის: ჰართვისის მუხის (კოლხური მუხა, Quercus hartwissiana Steven.), პონტოს მუხის (Quercus pontica K.Koch.), რცხილფოთოლა ძელქვას (კავკასიური ძელქვა, Zelkova carpinifolia (Pall.) K.Koch.) და ლაფანის (Pterocarya pterocarpa (Michx) Kunth.) ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას, ex-situ კონსერვაციას, მოლეკულურ-გენეტიკური და მოფომეტრიული კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში იგეგმება საკვლევი სახეობების შესახებ არსებული ინფორმაციის განახლება, GIS-ში გავრცელების ამსახველი გეორეფერენსირებული თემატური რუკების შექმნა, in-situ სათესლე უბნების დადგენა და მუხების ორი საკვლევი სახეობის ფოთლების მორფომეტრიული აღწერებისა და მოლეკულურ-გენეტიკური კვლევის ჩატარება მათი ტაქსონომიური სტატუსის დასაზუსტებლად. პროექტი ასევე ითვალისწინებს აქამდე შესწავლილი 14 სახეობისა და აღნიშნული 4 სახეობის მასალებზე ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნას ქართულ-ინგლისურ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყეები გამორჩეულია მცენარეთა მრავალფეროვნებით, მრავლად არის ენდემური, რელიქტური სახეობები, რომელთა ნაწილი გადაშენების საფრთხის წინაშეა. საქართველოს ველური ფლორის იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების კონსერვაცია არაერთი საერთაშორისო კონვენციით არის განსაზღვრული.