facebook
youtube
mail

სიახლეები

19.07.2024

მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონგრესზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლობამ სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა

საბერძნეთში, ქალაქ ათენში გამართულ მცენარეთა დაცვის მე-20 საერთაშორისო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსმა ივეტა მეგრელიშვილმა ხეხილისა და თხილის საქართველოსთვის აქტუალური ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების კვლევის შესახებ სამი პრეზენტაცია წარადგინა.

აღნიშნული კვლევები საგრანტო პროექტის „თხილის ბაქტერიული (Xanthomonas arboricola, Pseudomoanas avellanae) და ვირუსული (APMV, PNRSV) ინფექციების კვლევა სეროლოგიური (ELISA), მოლეკულური (PCR, LAMP) მეთოდებით, კონტროლის მექანიზმების შემუშავება და ფერმერთა სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 2018 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსრური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

წელს, კონგრესის თემა „ჯანსაღი მცენარეები ხელს უწყობენ ადამიანის კეთილდღეობას“ ფოკუსირებული იყო კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე ნატურალურ რესურსებზე დიდი ზეწოლის პირობებში მცენარეთა დაცვის უდიდეს როლზე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სურსათის უვნებლობის საკითხებზე.

კონგრესზე წარმოდგენილი პრეზენტაციები ძირითადად ზეთისხილის, ციტრუსების, ვაზის, ხეხილის, თხილის და სხვა მნიშვნელოვანი კულტურების პათოგენებით და მავნებლებით გამოწვეული დანაკარგების მენეჯმენტს, ახალი მავნე ორგანიზმების იდენტიფიცირებას და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ გზებს, ეკოლოგიურად უსაფრთხო ბიოლოგიურ და აგროქიმიურ პრეპარატებს და სურსათის უვნებლობის საკითხებს ეხებოდა.

მცენარეთა დაცვის კონგრესს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 700 მეცნიერი ესწრებოდა. კონგრესში მონაწილეობა მეცნიერთათვის მნიშვნელოვანია კვლევითი საქმიანობის წარმოსაჩენად, მოსაზრებებისა და გამოცდილების გასაზიარებლად, სამომავლო პერსპექტივების დასახვისა და ახალი სამეცნიერო კავშირების დასამყარებლად.

ათენის მეგარონის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში გამართული სამეცნიერო ფორუმი მცენარეთა დაცვის მეცნიერებათა საერთაშორისო ასოციაციის (IAPPS) და ათენის აგრარული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.