სიახლეები
21.08.2024
სადეგუსტაციო კომისიამ ჯიღაურას ვენახის კოლექციის იშვიათი ვაზის ჯიშებიდან წარმოებული ღვინოები შეაფასა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჯიშური ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. დეგუსტაციის მიზანს ქართული, იშვიათი ვაზის ჯიშების ენოლოგიური პოტენციალის შეფასება წარმოადგენდა.დეგუსტაციას ცენტრის მევენახეობისა და მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი დავით ჩიჩუა უძღვებოდა. სადეგუსტაციო კომისიის შემადგენლობაში სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის მევენახე-მეღვინეები, სტუდენტები და მოწვეული მეღვინეობის ექსპერტები იყვნენ.
დეგუსტაციაზე წარდგენილი იყო ჯიღაურას ვენახის კოლექციაში დაცული ქართლის, კახეთისა და იმერეთის რეგიონის იშვიათი ვაზის ჯიშებიდან ამავე მიკროვინიფიკაციის ბაზაზე წარმოებული თეთრი და წითელი ღვინოების 70-მდე ნიმუში, რომელთა სენსორული და ორგანოლეპტიკური შეფასება 5-ბალიანი სისტემით განხორციელდა.
განსაკუთრებული მოწონება და კომისიის მაღალი შეფასება დაიმსახურა შემდეგმა ჯიშებმა: საფენა, ინგილოური, მწვანე კახური, ვაზისუბნის შავი, სიმონასეული (კახეთი); ჩიტისკვერცხა, ჯვარი, ქიშური, ატენის საფერე, ბუზა (ქართლი); კრახუნა, კაპისტონი, კუნძა, ადანასური, გაბეხაური, არგვეთული საფერე (იმერეთი).„სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს ქართული ენდემური ვაზის ჯიშების მოძიება-აღდგენის, მათი ამპელოგრაფიული და ენოლოგიური მაჩვენებლების შესწავლის საკითხებზე. მეტად მნიშვნელოვანია მსგავსი სამუშაო დეგუსტაციების მოწყობა. იგი არამარტო ქართული იშვიათი ვაზის ჯიშების პოპულარიზაციას, არამედ ენოლოგიური პოტენციალის შეფასებით მათ წარმოებაში დაბრუნებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ექსპერტმა, ენოლოგმა ზურაბ სტურუამ.