სიახლეები
03.10.2024
ლევან უჯმაჯურიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მუდმივ წარმომადგენელს ვაკუი ჯუნჯის შეხვდა.მხარეებმა ცენტრის წინაშე მდგარი ის ამოცანები განიხილეს, რომელიც უწყებას მოკლე და გრძელვადიან პერიოდში აქვს განსახორციელებელი. ხაზი გაესვა ცენტრის შესაძლებლობების განვითარების საკითხებში JICA-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ლევან უჯმაჯურიძემ ყურადღება ცენტრის მთავარ ფუნქციებზე, ერთწლოვან და მრავალწლოვან კულტურებზე, შინაურ ცხოველთა, ფრინველთა, თევზების, სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერების ადგილობრივი გენოფონდის მოძიება-შესწავლაზე, ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასებაზე, ჯანსაღი სათესლე და სარგავი მასალის წარმოებაზე, სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემებზე, ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებაზე, ორგანული წარმოების ხელშეწყობაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების ახალი მეთოდების კვლევა-გავრცელებაზე, მცენარეთა მავნებელ-დაავადებების, სარეველების კვლევასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებულ სისტემებზე, რისკების შეფასებასა და სხვა მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილა.
აქცენტი გაკეთდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და იაპონიის სააგენტოს თანამშრომლობაზე, მეხორბლეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის განხორციელების მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების მოლეკულური გენეტიკის მეთოდებით ერთობლივი კვლევა, ასევე, სელექციის მეთოდების გამოყენება ადგილობრივი ჯიშების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. მხარეებმა წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს, დარგობრივი ტრენინგების ჩატარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების იაპონიაში სასწავლო ტურების ორგანიზების მიმართულებით.
შეხვედრას JICA-ს საქართველოს ოფისის პროგრამების ოფიცერი კონსტანტინე წერეთელი, სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურისა და ცენტრის სხვადასხვა კვლევითი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, სტუმრები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე განთავსებულ ამპელოგრაფიული კოლექციას გაეცნენ, დაათვალიერეს წილკნის ბაზაზე განთავსებული პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია და თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორია.