სიახლეები
22.10.2024
FAO-ს პროექტის ფარგლებში ხორბლის კულტურის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების ფერმერულ მეურნეობებში კონსერვაცია დაიწყო
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა FAO-ს პროექტის „კლიმატის ცვლილებებთა ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში და in-situ/on farm და ex-situ კავშირის გაძლიერება“ ფარგლებში, ხორბლის კულტურის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების ფერმერულ მეურნეობებში კონსერვაცია (on farm) დაიწყეს.აღნიშნული პროექტის პირველი ეტაპი, რომელიც მოიაზრებდა სამეცნიერო ექსპედიციების ჩატარებას საქართველოს რვა რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი) წარმატებით დასრულდა. ექსპედიციების შედეგად, 24 მუნიციპალიტეტის 96-მდე სოფელში არსებულ საკარმიდამო ნაკვეთზე სიმინდის - 158, ლობიოს - 250, ხოლო ხორბლის 14 ნიმუში იქნა მოძიებული.
საშემოდგომო თესვა პირველად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩში ფერმერის საკარმიდამო ნაკვეთზე გაიმართა. დაითესა ხორბლის ჯიშები: ჩელტა და გვაწა ზანდური, მახა, შავფხა და იფქლი. აღნიშნული ჯიშები წარმოადგენს საერთაშორისო გენბანკიდან კერძოდ, გერმანიის გატერსლებენის (IPK) გენბანკიდან, USDA-ARS Germplasm რესურსების საინფორმაციო ქსელიდან (GRIN), საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღიდან და ცენტრის წილკნის სადემონსტრაციო ნაკვეთიდან მიღებულ მასალას.
პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ხორბლის ადგილობრივი ჯიშები გამრავლებული იქნება 5 რეგიონში შერჩეულ 5 ფერმერთან, ხოლო მომავალი წლის გაზაფხულიდან ლობიოს ადგილობრივი ჯიშები გამრავლდება 3 რეგიონში, სიმინდის - 2 რეგიონში.
რეგიონები შერჩეულია აღნიშნული კულტურების ადგილობრივი ჯიშების წარმოშობის ცენტრების მიხედვით.