facebook
youtube
mail

სიახლეები

16.12.2024

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს და ავსტრალიის კომპანიას „ბენთს როუდ ვაინერი“ (Bents Road Winery Pty Ltd) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „ბენთს როუდ ვაინერი“ (BRW), რომელიც 2000 წელს დაარსდა, ავსტრალიის ერთ-ერთ ყველაზე ცივ რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვინსლენდში, ბალანდეანში (Ballandean) მდებარეობს. შედარებით ცივი კლიმატიდან გამომდინარე, იქაურ ღვინოს ევროპული ჯიშებისთვის დამახასიათებელი ორგანოლეპტიკური პროფილი უყალიბდება. აღსანიშნავია, რომ კომპანია მუშაობს ქვევრის ღვინოზეც და აქტიურად ეწევა საფერავის პოპულარიზაციას.

მემორანდუმის ფარგლებში, კვლევითი-ცენტრის მხრიდან ქართული ვაზის ჯიშების შესახებ გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისი იქნება გრანიტის სარტყელში (ქვინსლენდი) პრემიუმ სასუფრე ღვინოების წარმოებისთვის.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ ავსტრალიის დელეგაციის წევრებს ცენტრში მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ის პროექტები გააცნო, რომელიც ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების მოძიებას, იდენტიფიკაციას, მიკროვინიფიკაციასა და მათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება.

მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ ავსტრალიელ სტუმრებს ჯიღაურას ბაზაზე დამზადებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარუდგინა. ასევე, სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული კოლექცია დაათვალიერეს და ვაზის სხვლა-ფორმირების მახასიათებლებს გაეცნენ, რაც მათ ავსტრალიაში გაშენებული ქართული ვაზის ჯიშების სწორად მართვაში დაეხმარება.