სიახლეები
30.01.2025
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე გამართულ ორდღიან თემატურ ტრენინგს 60-ზე მეტი მონაწილე დაესწრო

ტრენინგის ფარგლებში, მევენახე-მეღვინე ფერმერებმა, ექსტენციის თანამშრომლებმა, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა თეორიული და პრაქტიკული მიმართულების ცოდნა და რჩევები მიიღეს ვენახის გაშენების, სხვლა-ფორმირების, მერქნის ძირითადი დაავადებების, აგროტექნოლოგიური, ფიტოსანიტარიული და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე.
„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებზე მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პარალელურად, რეგულარულად ტარდება თეორიული და პრაქტიკული ხასიათის თემატური სემინარ-ტრენინგები, სადემონსტრაციო დღეები. ასეთი ღონისძიებები ფერმერების, ასევე სხვა დაინტერესებულ პირთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას, ახალგაზრდა კადრების ცოდნის გაღრმავებას ემსახურება და მათ პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვას უწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან უჯამჯურიძემ.
ტრენინგის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა ვენახის ნაკვეთში გადაინაცვლეს, ვაზის სხვადასხვა ფორმების სხვლის პროცესში ჩაერთვნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.