სიახლეები
21.03.2025
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

ტყის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახური აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სამეცნიერო და პრაქტიკულ ღონისძიებაში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ტყეების მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს მიმდინარე პროექტის „საქართველოს ტყის იშვიათი და რელიქტური სახეობების შესწავლა და ელექტრონული მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში, განხორციელდა იშვიათი სახეობის მუხების (Q. hartwissiana, Q. pontica) ლოკაციების ინვენტარიზაცია; დეტალური კვლევები ჩატარდა ჰართვისის მუხის 15 და პონტოს მუხის 16 ლოკაციაზე; მომზადდა გავრცელების ამსახველი რუკები და მონაცემთა ბაზა; პარალელურად, მიმდინარეობს აღნიშნული მუხების მოლეკულურ-გენეტიკური კვლევები, რომლის შედეგები 2025 წლის ბოლოს იქნება წარმოდგენილი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 2024 წელს, ჯიღაურას საცდელ-ექსპრიმენტულ ფართობზე დასრულდა იტალიიდან და თურქეთიდან შემოტანილი ვერხვის სწრაფმზარდი 25 ჰიბრიდული ფორმის გამოცდა და საქართველოს პირობებისთვის ადაპტირებული ვარიანტების შერჩევა. 5-წლიანი კვლევის შედეგად შერჩეული იქნა 6 ჰიბრიდული ფორმა, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია როგორც ენერგეტიკული, ასევე სამრეწველო პლანტაციების გაშენება საქართველოში მერქნითი რესუსების ძალიან სწრაფად მიღების მიზნით. შერჩეული ვერხვის 2 ფორმა კი, შესაძლებელია, ქარსაფარ ზოლებში იქნას გამოყენებული.
აღნიშნულ საკითხებზე მომზადდა და დაიბეჭდა 2 ბროშურა, გამოქვეყნდა სამეცნიერო სტატიები.
აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას აგროსატყეო კულტურების კოლექცია 2015 წელს, სატყეო კულტურების კონსერვაციისა და დაცვის მიზნით გაშენდა. სახეობების უდიდესი ნაწილი ენდემურია. კოლექციას 2024 წელს 14 ახალი სახეობა შეემატა.