სიახლეები
28.03.2025
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებში მეცნიერულ მხარდაჭერას უწევს

შეხვედრის მთავარ მიზანს, ცენტრის მხრიდან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მეცნიერული და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევა, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონის აგრარულ სექტორში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახორციელებს ქვეპროგრამას „აგრარული ექსტენციის მიწოდება“, რომლის ფარგლებში რეგიონის ფერმერები და აგრომეწარმეები საველე პირობებში ეცნობიან აგრარული დარგის უახლეს ტექნოლოგიებსა და თანამედროვე მიდგომებს.
„სამინისტრო ფერმერებისთვის პრაქტიკული და ინფორმაციული მასალების შექმნის პროცესში სწორედ ცენტრის მეცნიერულ რესურსს ეყრდნობა. სამინისტრო აქვეყნებს ბროშურებს, რომლებიც ეფუძნება სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებსა და მათ რეკომენდაციებს. ეს მასალები ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი გზამკვლევია, რაც ხელს უწყობს თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვას, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას, მოსავლიანობის გაზრდასა და გარემოსდაცვითი მდგრადობის შენარჩუნებას“ - აღნიშნა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ბოლქვაძემ.
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს სამინისტროს პროექტების მეცნიერულ მხარდაჭერას. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნოდარ ხატიაშვილმა აღნიშნა: „ჩვენი მიზანია, ბროშურებში აისახოს ბოლო მეცნიერული კვლევებიდან მიღებული პრაქტიკული რჩევები, რაც ხელს შეუწყობს აგრარული ცოდნის პოპულარიზაციას, ფერმერების განათლებას და ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას“.