სიახლეები
10.04.2025
ვაშლისა და ვაზის კულტურებში პათოგენებისა და კლიმატური რისკების მართვის თანამედროვე მეთოდებზე სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ტრენინგი გაიმართა

ტრენინგზე განხილული იყო თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს უწყობს მრავალწლოვანი კულტურების მცენარეთა დაცვის პროცესის ეფექტიანობასა და გარემოზე ნაკლებ ზემოქმედებას. მონაწილეებმა ცოდნა მიიღეს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ჭრილში, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მავნებელთა და პათოგენთა დროული აღმოჩენისა და მართვისთვის.
სწავლებას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის სამსახურის უფროსი ზურაბ ხიდეშელი და მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობიქაშვილი უძღვებოდნენ. მათ დამსწრეებს დეტალურად გააცნეს პათოგენების მონიტორინგის თანამედროვე მიდგომები, როგორებიცაა: • ფერომონული მახეები და მათი მეშვეობით მავნებელთა პოპულაციების მონიტორინგი და შესაბამისი მართვის ღონისძიებების დაგეგმვა; • აგრომეტეოროლოგიური აპლიკაციები (მეტეოაპლიკაციები), რომლებიც კლიმატის პროგნოზირების საფუძველზე გთავაზობენ შესაბამის მექანიზმებს პათოგენების გავრცელების შემცირებისა და კლიმატური რისკების უარყოფითი გავლენების შერბილებისკენ.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი მოიცავდა საველე გასვლას, სადაც მონაწილეები უშუალოდ გაეცნენ ფერომონული მახეების გამოყენების ხერხებს და წესებს, აგრეთვე შეისწავლეს, როგორ შეიძლება აგროკლიმატური მონაცემების ინტერპრეტაცია და გამოყენება პრაქტიკაში.
ტრენინგი „ინოვაციური აგრომეტეოროლოგიური სერვისების ციფრული პლატფორმის“ (GECSA) პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული ტრენინგი მიზნად სოფლის მეურნეობის სექტორში კლიმატური რისკების მართვისა და ადაპტაციის მექანიზმების გაუმჯობესებას ისახავს.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელთან და უზრუნველყოფს ცოდნის გავრცელებას უახლესი მეცნიერული მიღწევებისა და კვლევების საფუძველზე.