სიახლეები
16.05.2025
თურქი სპეციალისტები სამუშაო ვიზიტით ანასეულის ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ

ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ცენტრის ლაბორატორიაში მიმდინარე სხვადასხვა კვლევითი და პრაქტიკული მიმართულების საქმიანობა გააცნო. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, ენტომოლოგიური გალიებით, II დონის სპეციალური ბოქსებით - მწერის გამრავლებისთვის საჭირო ავტომატური კლიმატკონტროლით, სადაც კვლევები მიმდინარეობს აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების ბიოლოგიური აგენტების გამოსავლენად.
სტუმრებმა ლაბორატორიული კომპლექსი დაათვალიერეს, გაეცნენ სამუშაო პროცესს და ქართველი სპეციალისტების გამოცდილებას.
თურქულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის ინტეგრირებული მიდგომა წარმოადგენს მძლავრ საფუძველს საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მესხი, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრის დირექტორი იოსებ ბასილია და ლაბორატორიის სპეციალისტები ესწრებოდნენ.