სიახლეები
30.05.2025
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ წარადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა როგორც ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე საქმიანობას, ისე მთლიანად ცენტრის სტრატეგიულ მიმართულებებს, 2024 წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ხედვებს. ხაზი გაესვა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მნიშვნელობას ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებაში, აგრობიომრავალფეროვნების დაცვასა და ინოვაციური მიდგომების ხელშეწყობაში.
ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე ღონისძიებას შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რომლებმაც ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ახალგაზრდებთან შეხვედრის ფორმატში ისაუბრეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგრარული მეცნიერების, განათლებისა და ინოვაციების როლს ქვეყნის განვითარებაში. მოწვეულმა სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდა თაობის ჩართულობის აუცილებლობას სამეცნიერო და პრაქტიკულ პროცესებში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს აგრარული სექტორის მდგრადი და პროგრესული განვითარებისთვის.
სტუმრებმა მოინახულეს ჯიღაურას ბაზის უნიკალური კოლექცია — ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების ჯიშები, ასევე, ცენტრის ლაბორატორიები და ახლად მოწყობილი სამუზეუმო სივრცე, რომელიც საქართველოს მევენახეობისა და მებაღეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე ახდენს ვიზუალურ აქცენტს.