facebook
youtube
mail

სიახლეები

02.06.2025

აგრომეტეოროლოგიური მოდელირებისა და გვალვის რისკების შეფასების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა-სემინარი გაიმართა. სემინარი თემაზე „აგრომეტეოროლოგიური მოდელირება და გვალვის რისკების შეფასება წამყვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის საქართველოს პირობებში“ მიზნად ისახავდა კლიმატის გლობალური სამომავლო ცვლილებების სცენარების მოდელირებას და მის საფუძველზე მოსავლის პროგნოზირების ანალიზის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას.

სემინარზე, მიზნობრივი სპეციალიზებული პროგრამების გამოყენებით, განხორციელდა გვალვის რისკების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების გაცნობა შერჩეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების (ხორბალი, კარტოფილი, პამიდორი, ვაზი, ვაშლი) მაგალითზე.

სემინარში მონაწილეობა მიიღეს პროექტის საერთაშორისო ექსპერტმა პროფესორმა ტიმ ჰესმა, დარგის ადგილობრივმა ექსპერტებმა, მკვლევარებმა და პროფილური უწყებების წარმომადგენლებმა.

მონაწილეები გაეცნენ აგროტექნოლოგიური რეალური მონაცემების საფუძველზე მოდელირების საფუძვლებს და თანამედროვე პროგრამული პროდუქტის AquaCrop-ის გამოყენების შესაძლებლობებს საქართველოს აგროკლიმატურ პირობებში.

ღონისძიების დასასრულ გაიმართა შეჯამება-დისკუსია, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის ურთიერთქმედების პრაქტიკული კომპონენტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოდელირების შედეგად მიღებული დასაბუთებული დასკვნების ინტეგრირებას სამომავლო აგრარული მიმართულების კვლევებსა და საპროგრამო დოკუმენტების დაგეგმვაში.