სიახლეები
17.06.2025
ესპანეთის რიოხას მევენახეობისა და მეღვინეობის მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის დელეგაცია ჯიღაურას ბაზას სტუმრობდა

სტუმრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ დეტალურად გააცნო ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ვაზის საკოლექციო ნარგაობა, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე.
მხარეებმა ისაუბრეს და ინფორმაცია გაცვალეს კვლევით პროექტებზე, მათ შორის, ვაზის ჯიშების უნიკალურ გენეტიკურ რესურსებზე, სერტიფიცირებული სარგავი მასალის წარმოების თანამედროვე მიდგომებზე, კლიმატის ცვლილებების ადაპტირებულ მიდგომებსა და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ინტეგრირებულ, ასევე ორგანულ მიმართულებებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ღვინის დეგუსტაციაც გაიმართა, რომელსაც მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ჩიჩუა უძღვებოდა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ცენტრის მიერ წარმოებული იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები და დეტალურად გასცნობოდნენ ქართული წესით ქვევრში ღვინის დაყენება-დავარგების ტექნოლოგიურ პროცესებს.
ვიზიტი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელოვანი პლატფორმა აღმოჩნდა როგორც ქართული, ისე ესპანური მხარისთვის და საფუძველი შექმნა სამომავლო პროფესიული თანამშრომლობისთვის.