სიახლეები
26.06.2025
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები შაუმიანში ბიოწარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ
.png)
ვიზიტი განხორციელდა სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და შპს „ქალდეას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს ბიოაგროწარმოების განვითარების ხელშეწყობას და ცოდნის გაზიარებას კერძო სექტორის მიმართულებით. თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ხედვას — აგროსექტორის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების დაცვა.
შპს „ქალდეას“ მფლობელობაში არსებული 100 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი წელს პირველად იქნა გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისთვის.
ცენტრის სპეციალისტებმა ადგილზე შეაფასეს ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების აგრობიოლოგიური და ფიტოსანიტარული მდგომარეობა და იმსჯელეს შემდგომი განვითარების პოტენციალზე.
ბიოაგროწარმოება ქვეყნისათვის ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საკვანძო მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოებას, გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას, ასევე სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის თანამშრომელთა ინტენსიური ჩართულობა ბიოფერმერების საქმიანობაში, რომელიც კონსულტაციების გაწევას, ტექნოლოგიური რჩევების მიწოდებას და პრაქტიკული მხარდაჭერას ითვალისწინებს.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი კვლავ აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას ადგილობრივ ფერმერებთან და ინიციატორ მეწარმეებთან, რაც უფრო შეუწყობს ხელს ეკომეურნეობების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას.