facebook
youtube
mail

სიახლეები

30.06.2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „გურული ღვინის ფესტივალი-2025“-ში მონაწილეობდა

გურიის ღვინის რიგირთ მე-4 ფესტივალზე, რომელიც სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების ისტორიულ მამულში გამორჩეულ გარემოში, მრავალფეროვანი ექსპოზიციით გაიმართა, ცენტრმა იშვიათი გურული ვაზის აღდგენილი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში, ფესტივალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა გურული ვაზის ჯიშების გამორჩეულ მნიშვნელობაზე, როგორც რეგიონის უნიკალურობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოზე და იმ სისტემურ საქმინაობაზე, რომელსაც ცენტრი ადგილობრივი გენეტიკური რესურსების კვლევისა და გავრცელების მიმართულებით ახორციელებს.

„გურული ვაზის მრავალფეროვნება წარმოადგენს არა მხოლოდ რეგიონულ მემკვიდრეობას, არამედ ეროვნულ საგანძურს, რომლის შესწავლა, დაცვა და ხელახალი ინტეგრაცია ადგილობრივ მევენახეობაში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა. ჯიღაურას ბაზა სწორედ ის პლატფორმაა, საიდანაც რეგიონებში, მათ შორის გურიაში, აღდგენილი ვაზის ჯიშების გავრცელება ხორციელდება. გურული ღვინის ფესტივალი კი საშუალებას გვაძლევს, საზოგადოებას მივაწოდოთ ის რეალური შედეგები, რომლებიც მეცნიერების, შრომისა და გუნდური მუშაობის საფუძველზე იქმნება.“ - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.

დირექტორმა ასევე ყურადღება გაამახვილა გურიაში მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობის მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რაც ხელს უწყობს მდიდარი აგრონომიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 48 საოჯახო მარანმა და მცირე მეღვინეობამ მიიღო, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.