facebook
youtube
mail

სიახლეები

02.07.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯიღაურას ბაზაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ეწვია, სადაც ცენტრის დირექტორთან, პროფესორ ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ, მინისტრის მოადგილეს დეტალურად გააცნო ცენტრის სტრუქტურა, მიმდინარე კვლევითი პროგრამები და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების პრიორიტეტები. მან ყურადღება გაამახვილა ცენტრის ძირითად ფუნქციებზე და საქმიანობის მთავარ ვექტორებზე, რომლებიც მოიცავს მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიებას, დაცვასა და კონსერვაციას; ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების, შინაური ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერების ადგილობრივი გენოფონდის შესწავლასა და დაცვას; ახალი ჯიშების გამოცდასა და შეფასებას; ჯანსაღი სათესლე და სარგავი მასალის წარმოებას; ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენასა და გაუმჯობესებას; ორგანული წარმოების ხელშეწყობას, სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიის და ვეტერინარიის მიმართულებით რისკების შეფასებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებს, მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების ინტეგრირებული მართვის სისტემებს, ინოვაციური და კლიმატგონივრული აგროტექნოლოგიების დანერგვასა და აგროსასურსათო პროდუქციის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემების განვითარებას.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდა მეცნიერებისა და ფერმერების აქტიური ჩართვის ხელშეწყობის გზებს; საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, რომელთა მეშვეობით ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის სამეცნიერო მიმართულებების ხელმძღვანელებიც, რომლებმაც მინისტრის მოადგილეს თავიანთი სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

ნინო თანდილაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრის გუნდს მტკიცე პროფესიონალიზმისა და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული მუშაობისთვის. მისი თქმით, აუცილებელია ისეთი კვლევითი პლატფორმების გაძლიერება, რომლებიც ხელს შეუწყობს ცოდნაზე დაფუძნებული სოფლის მეურნეობის განვითარებას, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სურსათის უსაფრთხოების გლობალური გამოწვევების ფონზე.