facebook
youtube
mail

სიახლეები

16.07.2025

ჯიღაურის ბაზაზე სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრებთან ერთად, ჯიღაურას საკონფერენციო სივრცეში, ადმინისტრაციული და სამეცნიერო სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განხილული იყო ცენტრის ბაზებზე მიმდინარე საქმიანობა, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები. ხაზი გაესვა მეცნიერებაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვასა და დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზების ძიებას.

„სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ ცენტრის სამსახურების მიერ განხორციელებული საქმიანობა, არსებული საჭიროებები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალი პროექტების განხორციელების გზებზე, დარგში არსებული გამოწვევების დაძლევაზე, ასევე მიღებული ცოდნის, შედეგებისა და რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვაზე - რაც დღეს აგრარული სექტორისთვის მეცნიერებაზე დაფუძნებული მხარდაჭერის თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ყურადღება გამახვილდა აგრარული დარგისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. საუბარი შეეხო მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, თევზებისა და სასარგებლო მწერების გენეტიკური რესურსების დაცვასა და ეროვნულ გენბანკების მოწყობის აუცილებლობას. აღინიშნა ნიადაგისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვისთვის კვლევა-მონიტორინგის სისტემის შექმნის საჭიროება, აგრეთვე, ორგანული წარმოების, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვის მულტიდისციპლინური კვლევების გაძლიერების მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა სერტიფიცირებისა და სანაშენე საქმიანობის, პროდუქციის შენახვა-გადამუშავების მეთოდების გაუმჯობესებასა და ინოვაციური ტექნოლოგიების ხელშეწყობაზე. ხაზი გაესვა კლიმატგონივრული მიდგომების დანერგვას, აგრეთვე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული რისკების მართვას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, კადრების შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს, ასევე, სახელმწიფო პროგრამებში ცენტრის აქტიურ მონაწილეობასა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ცნობადობის ამაღლების მიზნით, რეგიონულ ბაზებზე რეგულარულად გაიმართება ტრენინგები და სადემონსტრაციო დღეები, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ცენტრის საქმიანობას, მიმდინარე კვლევების შედეგებს და რეკომენდაციებს.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შპს „ადამ ბერიძის სახელობის სურსათის დიაგნოსტიკის, ნიადაგური კვლევებისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრი – ანასეულის“ დირექტორი და სახელმწიფო ჯიშთა გამოცდის ხელმძღვანელი, რომლებმაც შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს.