სიახლეები
23.07.2025
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შვეიცარიის HESˑSO უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ესტუმრნენ

ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რასაც ცენტრი ახალგაზრდებს, მათ შორის უცხოელ სტუდენტებს, კვლევისა და პრაქტიკული განათლების მიმართულებით სთავაზობს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადგილობრივი ვაზის ჯიშების სიმრავლესა და მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებში მათი გავრცელების შესაძლებლობებს, რაშიც ცენტრის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართული.
შვეიცარიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაათვალიერეს ვაზის საკოლექციო ნაკვეთები, ლაბორატორიები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის დასასრულს გაიმართა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან ცენტრში დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალურად გასცნობოდნენ ქვევრში და კლასიკური წესით ღვინის დაყენება-დავარგების ტექნოლოგიურ პროცესებს.
ვიზიტი შვეიცარიის HESˑSO უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის უმაღლესი სკოლის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო პროგრამის – „საზაფხულო უნივერსიტეტი 2025“-ის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებიდან. პროგრამის მიზანია მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ახალგაზრდებისთვის პროფესიული კომპეტენციების გაზრდა.
ჯიღაურას ბაზა ბაკალავრებს, მაგისტრებს, დოქტორანტებს აძლევს შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ ქართული მევენახეობის თავისებურებებს, გაიღრმავონ პროფესიული გამოცდილება და განავითარონ საერთაშორისო კავშირები.