facebook
youtube
mail

სიახლეები

26.07.2025

თეკლე ზაკალაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ტირანაში (ალბანეთი) გამართულ Cryoconnect-ის ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრაში

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა მიკროკლონური (in vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის ხელმძღვანელმა თეკლე ზაკალაშვილმა მონაწილეობა მიიღო ქალაქ ტირანაში (ალბანეთი) გამართულ Cryoconnect-ის ჯგუფის პირველ სამუშაო შეხვედრაში.

Cryoconnect წარმოადგენს რეგიონალურ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს მცენარეთა კრიოკონსერვაციის შესახებ გამოცდილების გაზიარებასა და საერთო გენეტიკური ბანკის შექმნას ბალკანეთსა და კავკასიაში, სადაც კავკასიას სააქართველო წარმოადგენს.

შეხვედრა ტირანას მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა, სადაც მონაწილე ქვეყნებმა ერთმანეთს ეროვნული გამოცდილება და მიმდინარე აქტივობები გააცნეს. თეკლე ზაკალაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინ-ვიტრო ლაბორატორიის მუშაობაზე, მიღწეულ შედეგებსა და მომავალ მიზნებზე.

კრიოკონსერვაციის პროცესის საწყისი ეტაპი მცენარეთა ინ-ვიტრო გამრავლებას მოიცავს, რასაც მოჰყვება მასალის გაყინვა თხევად აზოტში, რაც მისი გრძელვადიანი შენახვისა და გენეტიკური მდგრადობის უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

პროექტი, რომელიც მხარდაჭერილია მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვის ევროპული თანამშრომლობის პროგრამის – ECPGR-ის მიერ, 2025 წლიდან 2028 წლამდე გაგრძელდება და ითვალისწინებს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გენეტიკური რესურსების დაცვასა და მომავალ თაობებზე გადაცემას.