სიახლეები
27.07.2025
ალვანში ქერის ადგილობრივი ჯიშების თემაზე თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა

ღონისძიება მიზნად ისახავდა ქერის ადგილობრივი გენოფონდის კვლევის მნიშვნელობისა და სალუდე მიმართულებით პერსპექტიული ჯიშების იდენტიფიკაციის საკითხების გაცნობას.
ტრენინგი ორ ნაწილად წარიმართა, თეორიულ ნაწილში ფერმერებს გააცნეს ქერის კულტურის ისტორიული მნიშვნელობა, მისი გამოყენების მიმართულებები და ბიოაგროწარმოების სამსახურის მიერ მიმდინარე კვლევითი საქმიანობა.
პრაქტიკული ნაწილი ჩატარდა ადგილობრივი ფერმერის, ფრიდონ შველაშვილის (შპს „თუშეთი 2024“) საცდელ ნაკვეთზე, სადაც მონაწილეებმა საველე პირობებში დაათვალიერეს ქერის ადგილობრივი ჯიშები და გაიარეს პრაქტიკული სწავლება.
ღონისძიებას უძღვებოდა მზეინაბ სარალიძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი და ბიოაგროწარმოების სამსახურის უფროსი სპეციალისტი.
ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქერის როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი კულტურის როლზე საქართველოს მთიან რეგიონებში — მათ შორის ლუდის წარმოების ტრადიციაში. აღინიშნა, რომ ცენტრი აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ჯიშების მოძიებასა და გამრავლებაზე, რაც აუცილებელია მათი შენარჩუნებისა და გამოყენებისათვის როგორც საკვები, ისე ტექნოლოგიური მიზნებით. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ფერმერებმა და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებმა.
მსგავსი ტიპის ტრენინგები, არა მხოლოდ ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, არამედ ქმნის საფუძველს მცირე მეწარმეობისა და ტრადიციული ქართული ლუდის წარმოების განვითარებისთვის.