სიახლეები
28.07.2025
ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სმსახურის მკვლევარები სამუშაო ვიზიტი ჩინეთში იმყოფებოდნენ

ვიზიტის ფარგლებში, ქართველი მეცნიერები ჰელოიჯიანის პროვინციის ტყის მართვის პრაქტიკას გაეცნენ, დაათვალიერეს თანამედროვე ლაბორატორიები და ჩაერთნენ დისკუსიებში, რომლებიც შეეხებოდა აღმოსავლეთ აზიის ტყის ეკოსისტემების მდგრადობას, ტყის სწრაფმზარდი სახეობების განვითარებას, დისტანციურ ზონირებასა და ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგიებს, ასევე ნახშირბადის ბალანსში ტყის როლს.
მეცნიერებმა ჩინელ პროფესორებს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე სატყეო კვლევებისა და გარემოსდაცვითი პროექტების შესახებ. შეხვედრები ჩატარდა უნივერსიტეტის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პროფესორ ქსიგუანგ იანგთან და პროფესორ ჟან შუსთან. დაიგეგმა სტრატეგიული თანამშრომლობა, მათ შორის – სტუდენტთა გაცვლისა და ერთობლივი კვლევების მიმართულებით.
ქართველმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ლექციები ადგილობრივი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ისეთ თემებზე, როგორებიცაა: ტყის არამერქნული რესურსების მდგრადი გამოყენება, იშვიათი სახეობების კონსერვაცია, ვერხვის ჰიბრიდული კლონების პოტენციალი და საქართველოს ბიომრავალფეროვნების უნიკალურობა.
ვიზიტის დასასრულს ქართველმა და ჩინელმა მეცნიერებმა ერთობლივად მოინახულეს ჩანგბეისა და მაოერშინის დაცული ტერიტორიები, ასევე ლიანგშუს სატყეო პარკი – უნიკალური ტყის ეკოსისტემების მაგალითებით.
შეხვედრები წარმატებით დასრულდა და დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გეგმები.