facebook
youtube
mail

სიახლეები

30.07.2025

სომხეთის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საქართველოში ვაზის სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემას ეცნობიან

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე, ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე სომხეთის ვაზისა და ღვინის ფონდის, ეკონომიკის სამინისტროსა და FAO-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს დეტალურად გააცნო ვაზის სერტიფიცირების საქართველოში დანერგილი სრული პროცესი, რომელიც ვაზის ჯიშების იდენტიფიცირებას, ეროვნულ კატალოგში შეტანას, EPPO სტანტარტებით ვირუსულ, ფიტოპლაზმურ დაავადებებზე შემოწმებას, in vitro, ეკრანულ სათბურებში (სკრინჰაუსებში) გამრავლებას და სადედეების გასაშენებელი საბაზისო ნერგების წარმოებას ეხება.

დელეგაციის წევრებს წილკნის ბაზაზე, მცენარეთა მიკროკლონური გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურის უფროსმა, დოქტორ თეკლა ზაკალაშვილმა გააცნო ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესები, რომელიც სერთიფიცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია.

სტუმრებმა ჯიღაურას ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული და უცხოური ჯიშების კოლექციები , საძირეთა და სანამყენეთა სადედეები, ეკრანული სათბურები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმე სივრცე დაათვალიერეს. ასევე, გაიმართა იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც გაეცნენ ჯიშური მრავალფეროვნების თავისებურებებსა და ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციულ ტექნოლოგიას. დეგუსტაციას მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი სამსახურის უფროსი პროფესორი დავით ჩიჩუა ხელმძღვანელობდა.

სომხეთის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორის წარმომადგენლების ვიზიტი ხაზს უსვამს მზარდ ინტერესს საქართველოში მიმდინარე სერტიფიცირების, სტანდარტების, მიკვლევადობის, კვლევითი კომპონენტის სისტემური მიდგომების მიმართ. მსგავსი თანამშრომლობა მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიაში რეგიონული პარტნიორობის გაღრმავებისა და ინოვაციური მიდგომების გაზიარების კუთხით.