სიახლეები
05.08.2025
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერმა მონაწილეობა მიიღო ვაზისა და ღვინის საერთაშორისო სასწავლო კურსში

ტრენინგის მიზანს ვაზის ჯიშების აღწერისა და იდენტიფიკაციის (ამპელოგრაფიის) მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, თანამედროვე მეთოდების გაცნობა, ვაზის ჯიშების იდენტიფიკაციის სტანდარტიზაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.
სასწავლო კურსი აერთიანებდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. თეორიული ნაწილი მოიცავდა ვაზის მორფოლოგიური აღწერის პრინციპებს, ამპელოგრაფიული მეთოდების ისტორიულ და თანამედროვე მიდგომებს, ვაზის იდენტიფიკაციის საერთაშორისო სტანდარტებსა და მონაცემთა შენახვის თანამედროვე სისტემებს.
პრაქტიკული ნაწილი დაეთმო 100-ზე მეტი ვაზის ჯიშის საველე პირობებში აღწერასა და მათი მახასიათებლების დაფიქსირებას ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) დესკრიპტორების გამოყენებით.
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ როგორც საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებულ კულტივირებულ ვაზის ჯიშებს, ასევე სელექციური პროგრამების შედეგად მიღებულ, დაავადებების მიმართ რეზისტენტულ ჰიბრიდებსა და საძირე მასალას.
საერთაშორისო ტრენინგს ამპელოგრაფიისა და ვაზის კვლევის სფეროში საერთაშორისო დონეზე აღიარებული ორი ინსტიტუტი — გეიზენჰეიმის უნივერსიტეტი და იულიუს კიუნის ინსტიტუტი მასპინძლობდა. სასწავლო პროცესს ხელმძღვანელობდნენ წამყვანი მეცნიერები ევროპის ხუთი ქვეყნის — გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის — კვლევითი ცენტრებიდან. ტრენინგში მონაწილეობა 18 ქვეყნის 25-მა წარმომადგენელმა მიიღო, რომლებმაც, კურსის დასრულების შემდეგ, წარმატებით გაიარეს შემაჯამებელი გამოცდა და მიიღეს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატი.
აღნიშნული გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მევენახეობის თანამედროვე პრაქტიკის განვითარებასა და ვაზის გენეტიკური მრავალფეროვნების კვლევა-შენარჩუნების პროცესში.