facebook
youtube
mail

სიახლეები

07.08.2025

ფერმერებს ადგილობრივი სალუდე ქერის ჯიშების ბიომიმართულებით მოვლა-მოყვანის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების კვლევის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკარში ფერმერებისთვის თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გამართა.

ტრენინგის მიზანს ადგილობრივი სალუდე მიმართულების ქერის ბიომიმართულებით მოვლა-მოყვანის თავისებურებების გაცნობა, ბიოაგროწარმოების პრაქტიკების პოპულარიზაცია და იმ აგროტექნიკური მეთოდების წარდგენა წარმოადგენდა, რომლებიც ხელს უწყობს ქერის ჯიშების ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოყვანას. ბიოაგროწარმოების კვლევის სამსახურის წარმომადგენელმა მზეინაბ სარალიძემ ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ქერის ბიომიმართულებით წარმოების თავისებურებების, ადგილობრივი ჯიშების აღდგენისა და შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ, რაც აუცილებელი პირობაა  როგორც აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ისე ქართული ლუდის ხარისხიანი წარმოების ხელშეწყობისთვის. ტრენინგის პრაქტიკული სწავლება ჩატარდა ადგილობრივი ფერმერის მარიამ წიკლაურის ქერის საცდელი ნაკვეთზე.   ბიოაგროწარმოების კვლევის სამსახურის უფროსმა გოჩა წერეთელმა ისაუბრა ცენტრში ბიოწარმოებისათვის შერჩეულ ქერის ჯიშზე – „ზეს 5“ – ჩატარებული კვლევის შედეგებზე. მისი განცხადებით, გამოყენებული 12 ბიოპრეპარატიდან საუკეთესო ეფექტი გამოავლინა შპს „ბიოაგროს“ თხევადმა ბიოჰუმუსმა, ჯეოჰუმატმა და ბიოსუპერმა, რაც მარცვლის მოსავლიანობის ზრდაში აისახა. საცდელ ნაკვეთებში მოსავალი 0.06-1.15 ტონით აღემატებოდა საკონტროლო ვარიანტს.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ადგილობრივი ქერის ჯიშების სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მათი პრაქტიკული პოტენციალის შეფასებასა და ლუდის მწარმოებელთა დაინტერესებას.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აგრძელებს ქერის ქართული ადგილობრივი ჯიშების მოძიებას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე უცხოური გენბანკებიდან. ცენტრი აქტიურად მუშაობს ფერმერთა ცნობიერების ამაღლებაზე, რეგიონებში ატარებს შეხვედრებსა და ტრენინგებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება ბიოწარმოების ხელშეწყობისა და აგრობიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით.