facebook
youtube
mail

სიახლეები

15.08.2025

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ მინისტრის მოადგილეს ცენტრის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები და მიმდინარე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო.

ლაშა დოლიძემ აგრობიომრავალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნება-გავრცელების მიზნით ჯიღაურას ბაზაზე შექმნილი საკოლექციო ნაკვეთები და ეკრანული სათბურები დაათვალიერა. მინისტრის მოადგილე გაეცნო განახლებულ თანამედროვე ლაბორატორიულ ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ამპელოგრაფიულ, პომოლოგიურ, ეკოფიზიოლოგიურ, ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ, ბაქტერიულ, ვირუსულ, ფიტოპლაზმურ დაავადებების სანდო და ვალიდური კვლევების საფუძველზე ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შესწავლას და მცენარეთა ეროვნული კატალოგში განთავსებას.

სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის სექტორის სანერგე ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ჯიღაური ბაზაზე არსებული ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების გასამრავლებელი მასალის სათბურებიდან, ე.წ. „სქრინჰაუსებიდან“ შესაძლებელია კვალიფიციური სანერგე მეურნეობების მომარაგება.

აღნიშნული აქტივობები უზრუნველყოფს ქვეყანაში შექმნილი თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის სრულყოფას, დააჩქარებს მის საერთაშორისო სისტემებთან ჰარმონიზაციის პროცესს და ადგილობრივი ბაზრის ხარისხიანი პროდუქტით მომარაგებას. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგები აქტიურად იქნება გამოყენებული თანამედროვე აგროინოვაციური პროდუქტების ფერმერთათვის მიწოდების, სახელმწიფო სტიმულირების პროექტების რაციონალურად დაგეგმვის და მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარებისთვის.

ჯიღაურას ბაზაზე გამართულ სამუშაო შეხვედრას, მინისტრის მოადგილესთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე ზვიადაძე, მემცენარეობის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი ნოდარ ხოხაშვილი, მეცხოველეობის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი გვანცა ბეჟანიშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.