facebook
youtube
mail

სიახლეები

16.09.2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები, იტალიელ ექსპერტთან ერთად, თხილის დაავადების კვლევას აგრძელებენ

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სამუშაო ვიზიტით იტალიის ტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ვლადიმირო გარნაჩა იმყოფებოდა. იტალიელი ექსპერტი, ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, აჭარასა და გურია-სამეგრელოს რეგიონში თხილის სწრაფი ხმობის კერებს გაეცნო. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადგილზე შეისწავლეს დაავადების გამოვლინებები და აიღეს საანალიზო ნიმუშები როგორც საქართველოს, ასევე, იტალიის სამეცნიერო ლაბორატორიებში შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევებისათვის.

„მქონდა შესაძლებლობა, ადგილზე მენახა, თუ როგორ ვლინდება ეს დაავადება ველზე. აუცილებელია რეალური გამომწვევი აგენტის ზუსტად დადგენა, რათა სწორად შევიმუშაოთ მართვის ღონისძიებები. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ უკვე ჩატარებულია მნიშვნელოვანი სამუშაოები, ჩვენ კი, დამატებით შევისწავლით ნიმუშებს იტალიის ლაბორატორიაში“, - აღნიშნა ტურინის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის ასოცირებულმა პროფესორმა ვლადიმირო გუარნაჩამ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი, 2023 წლიდან, აქტიურად მუშაობს თხილის სწრაფი ხმობის საკითხზე. ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილზე შეისწავლა დაავადების გავრცელება, აიღო ნიმუშები და დაიწყო მათი ლაბორატორიული ანალიზი. დღეს ეს ჯგუფი, იტალიელ ექსპერტთან თანამშრომლობით, ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას, რათა ზუსტად დადგინდეს დაავადების გამომწვევი აგენტი და შემუშავდეს ეფექტიანი მართვის ღონისძიებები.

თხილის სწრაფი ხმობის პრობლემა დასავლეთ საქართველოში ბოლო წლებში აქტიურად ფიქსირდება. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილია ბაქტერიული სიდამწვრის (Xanthomonas arboricola), ბაქტერიული კიბოს (Pseudomonas avellanae), სოკოვანი დაავადებების (Verticillium sp. და სხვა) ასევე მთელი რიგი აბიოტური ფაქტორების სიმპტომოკოპლექსები,. ცენტრის სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ მიკოლოგიური, სეროლოგიური (ELISA) და მოლეკულური (PCR) მეთოდებით, პარალელურად მუშავდება პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებები, ხდება ფერმერთა ინფორმირება.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად მუშაობს თხილის დაავადებების შესწავლასა და ფერმერებისთვის რეკომენდაციების მიწოდებაზე. ჩვენი მიზანია, პრობლემის გადაჭრის პრაქტიკული გზები შევიმუშავოთ და მეწარმეებს დავეხმაროთ როგორც პრევენციული, ისე სამკურნალო ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა.