სიახლეები
25.09.2025
ჰიდროპონიკურ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ცენტრის წილკნის ბაზაზე ტრენინგი გაიმართა

ჰიდროპონიკა არის მცენარეთა ზრდის მეთოდი ნიადაგის გარეშე, რომელიც იყენებს წყალს, საკვებ ნივთიერებებსა და ტექნოლოგიური მართვის სისტემებს.
ტრენინგს უძღვებოდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ირმა ირემაშვილი. მონაწილეებმა დეტალურად გაიცნეს ჰიდროპონიკის სხვადასხვა ტიპები, ღრმა წყლის კულტურის (DWC) ძირითადი პრინციპები და სისტემის მოწყობის თავისებურებები.
ტრენინგს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლები, აგრონომები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებმაც დაათვალიერეს ჰიდროპონიკური ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური, მიიღეს პრაქტიკული ცოდნა მასში განთავსებული სალათას კულტურის მოვლა-მოყვანის, სისტემის მართვის სპეციფიკის, ასევე ტექნიკური და ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ.
ღონისძიების მიზანია თანამედროვე აგროტექნოლოგიების გაცნობა, ფერმერთა ცოდნის გაღრმავება და ბოსტნეულის წარმოების ეფექტიანობის ზრდის მხარდაჭერა.