facebook
youtube
mail

სიახლეები

03.10.2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ კასპის მუნიციპალიტეტში სანაშენე ფერმა დაათვალიერა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, კომპანიის Family Farm (ფემილი ფარმი) სანაშენე ფერმა დაათვალიერა და მიმდინარე საქმიანობას გაეცნო.

„ფემილი ფარმს“, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი შეფასების საფუძველზე, სანაშენე ფერმის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი მნიშვნელოვანია როგორც ფერმის შემდგომი განვითარებისათვის, ასევე, რეგიონში სანაშენე საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

ლევან უჯმაჯურიძე ადგილზე გაეცნო ფერმის ინფრასტრუქტურას, სილოსის დამზადების პროცესს, დაათვალიერა ცხოველთა საკვების საწარმო, საკვების ლაბორატორია, რძის ლაბორატორია და ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.

მხარეებმა განიხილეს ფერმის განვითარების გეგმები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეცხოველეობის - მეძროხეობის და მეღორეობის დარგის სამეცნიერო კვლევების პრაქტიკაში დანერგვასა და სანაშენე საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესებაზე.

დაიგეგმა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების ეფექტიანად გამოყენებას და, შესაბამისად, ფერმის განვითარებას.

კომპანიაში Family Farm შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ნოდარ ხატიაშვილი და მეცხოველეობისა და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტი გიორგი ბეჟანიშვილი.