facebook
youtube
mail

სიახლეები

09.10.2025

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აჭარის აგროსერვის ცენტრს ციტრუსოვანთა სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესში დაეხმარება

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორ რაულ თავართქილაძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობების მიერ წარმოებული სარგავი მასალის სერტიფიცირების მოსამზადებელი სამუშაოების საკითხები განიხილა.

სერტიფიცირებული სადედე მასალის წარმოება წარმოადგენს მაღალხარისხოვანი, ჯიშობრივად სუფთა და დაავადებებისგან თავისუფალი ნერგების გავრცელების წინაპირობას, რაც ფერმერებისთვის საიმედო სანერგე წყაროს შექმნას ემსახურება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სტანდარტების, სერტიფიცირების, დაგეგმვისა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის წარმომადგენლები, აგროსერვის ცენტრის დირექტორის მოადგილე იოსებ აბულაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე, დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი ჯიმშერ დიასამიძე და აგროსერვის ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა მელაძე.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს სარგავი მასალის მწარმოებელი სანერგეების მონიტორინგს, რაც მიზნად ისახავს წარმოების სტანდარტების დაცვასა და სერტიფიცირების პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას. ამ მიზნით, ცენტრის სპეციალისტებმა მონიტორინგი განახორციელეს გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობებსა და ჩაქვის ციტრუსოვანთა სანერგე მეურნეობაში, დაათვალიერეს არსებული სარგავი მასალა, შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს სანერგე მეურნეობებში არსებული მდგომარეობა და გამოთქვეს მზადყოფნა, ციტრუსოვან კულტურათა სადედე და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემის გაძლიერებაზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად.