სიახლეები
05.12.2025
5 დეკემბერი - ნიადაგის მსოფლიო დღეა!
ნიადაგის მსოფლიო დღე ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო საზოგადოების მიერ 2002 წელს იქნა შემოღებული. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინიციატივით, ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ნიადაგის დაცვისა და მისი მდგრადი გამოყენების მნიშვნელობაზე. 2025 წლის ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნის თემა „ჯანსაღი ნიადაგები ჯანსაღი ქალაქებისთვის“ განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ნიადაგი არა მხოლოდ სოფლის ტერიტორიებზე, არამედ ქალაქებშიც წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოსა და ბუნებრივ რესურსს, რომელიც გავლენას ახდენს ჰაერის ხარისხზე, ტემპერატურის რეგულაციაზე, წყლის დაკავებასა და შენარჩუნებაზე, ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ქვეყნის მასშტაბით ნიადაგის მდგრადი მართვისა და მათი მდგომარეობის შეფასების მიზნით, წლებია ახორციელებს კვლევებს. ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახური 2025 წელსაც აგრძელებდა პროექტს „საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა (ინვენტარიზაცია)“. წლის განმავლობაში, ნინოწმინდის, ასპინძის, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომის, მცხეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესწავლილ იქნა 25 ათასი ჰექტარი ფართობი, ხოლო შესწავლილია ნიადაგის 413 ნიმუში ლაბორატორიულ პირობებში ფიზიკურ, ქიმიურ და ფიზიკურ-ქიმიურ მახასიათებლებზე; მიღებული მონაცემები თავსდება ელექტრონულ ბაზაში, რომლის საფუძველზეც წლის ბოლომდე მომზადდება ნიადაგის თემატური რუკები, რომლებიც გამოიყენება როგორც სამეცნიერო კვლევებში, ისე პრაქტიკული რეკომენდაციების შესამუშავებლად.
ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, 2025 წელს, 200-ზე მეტ მომხმარებელს მიეწოდა რეკომენდაცია ვაზისა და ხორბლის ქვეშ ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებაზე. პარალელურად, მომზადდა სამი სამეცნიერო ნაშრომი და სამი საკონფერენციო თეზისი. მნიშვნელოვანი იყო ასევე პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიის მონაწილეობა FAO-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო პროფესიულ ტესტირებაში, რომლის ფარგლებშიც ლაბორატორიამ წარმატებით შეასრულა შვიდი ნიმუშის ანალიზი ნიადაგის ძირითად ქიმიურ მაჩვენებლებზე.
ლაბორატორია 2016 წლიდან ახორციელებს ქვეყნის ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლას. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ინვენტარიზებული და შესწავლილია დაახლოებით 250 000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ფართობი, ხოლო სივრცით-სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით შექმნილია ნიადაგის თემატური რუკები.
ლაბორატორია ასევე ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო და დონორთა საგრანტო პროექტებში, მათ შორის NASA-ს მიერ დაფინანსებულ კვლევაში, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შეფასება სატელიტური მონაცემების საფუძველზე. დღეს, როდესაც მსოფლიოში ნიადაგების დაახლოებით მესამედი უკვე დეგრადირებულია, ხოლო დაბინძურების მაჩვენებლები მუდმივად იზრდება, ქალაქების გაფართოებასა და მიწათსარგებლობის ინტენსიურ გამოყენებასთან ერთად, ნიადაგის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას.
ნიადაგი სიცოცხლის საფუძველია, ის აწვდის მცენარეებს საკვებ ნივთიერებებს, ინახავს წყალს, უზრუნველყოფს ეკოსისტემების ფუნქციონირებას და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენი ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხზე. 2025 წლის თემის გზავნილი „ჯანსაღი ნიადაგები ჯანსაღი ქალაქებისთვის“ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ურბანული გარემო და ბუნებრივი რესურსები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ხოლო ქალაქების მდგრადობა იწყება მიწის რესურსების სწორი მართვითა და დაცვით.





.png)







.png)







