facebook
youtube
mail

სიახლეები

10.12.2025

იუნესკომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა

10 დეკემბერს, ნიუ-დელიში (ინდოეთი) გაიმართა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესია, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ შეტანილ იქნას კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში. კომიტეტის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს ნომინაციას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ნომინაცია „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ იუნესკოს განსახილველად 2024 წლის მარტში წარედგინა. მისი მომზადება განხორციელდა უწყებათაშორისი კოორდინაციითა და ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით. პროცესს ხელმძღვანელობდა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, კულტურის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასოციაცია „ქართული ხორბალი“, სამეცნიერო ინსტიტუტები და თემთა წარმომადგენლები.

ქ. ნიუ-დელიში მიმდინარე მთავრობათაშორისი კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია UNESCO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ყურაშვილის ხელმძღვანელობით. დელაგაციის შემადგენლობაშია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პარლამენტის წევრები, და იმ უწყებების წარმომადგენლები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ნომინაციის მოსამზადებელ პროცესში.

ნომინაციის დოსიეს მომზადებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მრავალი წელია მუშაობს ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ჯიშების როგორც წარმოებაში დაბრუნების, ასევე, გენეტიკურ ბანკში კონსერვაციის მიმართულებით. ცენტრის მიზანია, ქართულმა ხორბალმა ქვეყნის ყველა რეგიონში მყარი პოზიცია დაიკავოს, ხოლო მასთან დაკავშირებული საერო, საეკლესიო რიტუალები, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და ცოდნა მომავალ თაობებს გადაეცეს.

იუნესკოს განმარტების მიხედვით, ქართული ხორბლის კულტურა მოიცავს იმ სრულ ციკლს, რომელიც ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს: ნიადაგის მომზადება დასათესად გუთნით, მოსავლის აღება შნაქვით და თავთავიდან მარცვლის გამოლეწვა კევრით. ეს ყოველივე სცდება მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და წარმოადგენდეს ქართული ყოფიერების, სოციალური ურთიერთობებისა და თაობათა გამოცდილების მნიშვნელოვან ნაწილს. მის განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს ასევე პურისცხობის ტრადიცია - თონეში, ფურნეში, კერასა და კეცზე დამზადებული უძველესი და რიტუალური პურების მრავალფეროვნება, რომლებიც ქართულ კულტურაში ბარაქის, ერთობისა და სიწმინდის სიმბოლოდ მიიჩნევა. თესვიდან პურის გამოცხობამდე გამავალი უწყვეტი ტრადიციები ქმნის იმ არქაულ, ცოცხალ მემკვიდრეობას, რომლის დაცვასა და გადაცემას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იუნესკო.

11 დეკემბერს, სესიის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური ცერემონია. ცერემონიაზე საქართველოს დელეგაციას გადაეცემა UNESCO-ს გენერალური დირექტორის ხელმოწერილი სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ „ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიციები და რიტუალები“ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

იუნესკოს გადაწყვეტილებით, „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ ხდება მეხუთე ქართული კულტურა, რომელიც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი - „ქართული მრავალხმიანობის“, „ქვევრის ღვინის ტრადიციული დამზადების მეთოდის“, „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ და „ქართული ჭიდაობის“ შემდეგ.