სიახლეები
16.12.2025
ყაზახეთის რესპუბლიკის ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზის სპეციალისტები სამეცნიერო-კვლევით ცენტრში იმყოფებოდნენ
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო ინსპექციის სახელმწიფო დაწესებულების „რესპუბლიკური მცენარეთა კარანტინის ცენტრი“ ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის განყოფილების წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილეს ნოდარ ხატიაშვილს, რისკის შეფასების სამსახურის ხელმძღვანელსა და სამსახურის სპეციალისტებს შეხვდნენ. ცენტრის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს საქართველოში დანერგილი ფიტოსანიტარიული რისკის ანალიზის სისტემა და მისი პრაქტიკული განხორციელების გამოცდილება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე სამეცნიერო მიდგომებს ეფუძნება.
სტუმრები გაეცნენ საქართველოში ფიტოსანიტარიული რისკის შეფასების მიმართულებით განხორციელებული ძირითადი კვლევითი პროექტები, მათ შორის:
• „ფრთალაქიანი დროზოფილას (Drosophila suzukii) ფიტოსანიტარული რისკის შეფასება“;
• „ლაქებიანი ჭიჭინობელას (Lycorma delicatula) ფიტოსანიტარული რისკის შეფასება“;
• „აზიური ფაროსანას (Halyomorpha halys) ბუნებრივი მტრის — იაპონური ტრისოლკუსის (Trissolcus japonicus) საქართველოში შემოყვანისა და თავისუფლად გაშვების რისკის ექსპრეს შეფასება“.
ვიზიტის ფარგლებში ყაზახეთის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე, სადაც დაათვალიერეს მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტი და დეტალურად გაეცნენ მცენარეთა დაცვის ლაბორატორიის მუშაობას, კვლევით მიმართულებებსა და გამოყენებულ მეთოდოლოგიებს.
აღსანიშნავია, რომ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაცია ასევე იმყოფებოდა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, სადაც გაეცნენ ქვეყნის ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ლაბორატორიული კვლევების სისტემას.
ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაღრმავებას და ფიტოსანიტარიული რისკების ანალიზის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.





.png)







.png)







.png)