facebook
youtube
mail

სიახლეები

30.01.2026

ჩეხი ექსპერტების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის მიმართულებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა

საქართველოში საერთაშორისო პროექტის „მცენარეთა ჯანმრთელობის პოტენციალის გადახედვა ევროკავშირის მცენარეთა ჯანმრთელობის რეგულაციის განსახორციელებლად საქართველოში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით და ჩეხეთის ეროვნული ფიტოსანიტარული ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით განხორციელდა.

შეხვედრებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, საბაჟო დეპარტამენტისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის „მცენარეთა ჯანმრთელობის პოტენციალის გადახედვა ევროკავშირის მცენარეთა ჯანმრთელობის რეგულაციის განსახორციელებლად საქართველოში“ მიზანს საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის სფეროში არსებული შესაძლებლობების შეფასება და გაუმჯობესების საჭიროებების იდენტიფიცირება წარმოადგენს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის ფიტოსანიტარული სერტიფიცირების მიმართულებით მოქმედი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP), ფიტოსანიტარული კონტროლის მექანიზმების, სანერგე მეურნეობებში რეგულირებადი მავნებლების გავრცელების პრევენციის პროცედურების, ჩატარებული კვლევების, ინსპექტირებებისა და სერტიფიცირების ანგარიშების გაცნობა და შეფასება.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ აღნიშნა, რომ მცენარეთა ჯანმრთელობის ეფექტიანი სისტემა უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობასა და ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს.

„მცენარეთა ჯანმრთელობის სისტემა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების, სერტიფიცირების პროცესების მართვის და აგროსექტორის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მსგავსი საერთაშორისო პროექტები ხელს უწყობს ჩვენი შესაძლებლობების შეფასებასა და გაძლიერებას, ასევე ევროკავშირის სტანდარტებთან ეტაპობრივ დაახლოებას.“- აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ექსპერიმენტულ ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას - სათესლე და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროცესს.

სტუმრები ეწვივნენ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტს და ვირუსოლოგიის ლაბორატორიას, სადაც მცენარეთა ვირუსული, ფიტოპლაზმური და ბაქტერიული დაავადებების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის რეალური დროის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდს, ასევე მიმდინარე კვლევებს და მიღებულ შედეგებს გაეცნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია ვხელმძღვანელობდე პროექტს, რომელიც საქართველოში მცენარეთა ჯანმრთელობის სფეროს შესაძლებლობების შეფასებასა და განვითარებას ემსახურება. სასიამოვნოა მუშაობა პროფესიონალ და მაღალკვალიფიციურ გუნდთან, რომელიც გამოირჩევა გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლობით. დარწმუნებული ვარ, პროექტის შედეგები ქვეყნისთვის პრაქტიკულად მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა, ჩეხეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის (UKZUZ) სათესლე და სარგავი მასალისა და მცენარეთა ჯანმრთელობის სამსახურის უფროსმა მიხალ ჰნიზილდმა.