facebook
youtube
mail

სიახლეები

16.02.2026

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერი, შოთა რუსთაველის ფონდის პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფებოდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის წარმომადგენელი ეკატერინა კაციტაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანს ლუბლიანას უნივერსიტეტთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან სამეცნიერო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და პროექტის ფარგლებში მიღებული ექსპერიმენტული შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ლუბლიანის უნივერსიტეტის პროფესორ მარინ ბეროვიჩთან, ამავე უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის ფაკულტეტის აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობის, კვების ტექნოლოგიის და ბიოტექნოლოგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებთან და კონსორციუმის სხვა წარმომადგენლებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ინოვაციური პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

ვიზიტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის: „ყურძნისეული წარმოშობის ახალი სინბიოტიკური და პრობიოტიკული სასმელების მიღება, ფუნქციური პოტენციალის შეფასება და ოპტიმიზაცია“ ფარგლებში, რომელიც ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO,2003) რეკომენდაციებს და ევროპული რეგლამენტის მოთხოვნებს (EC 1924/2006) შაქრის მოხმარების შემცირების შესახებ.

პროექტი მიზნად ისახავს ვაზის ქართული ჯიშების, კერძოდ, საფერავის და რქაწითელის წვენების ბაზაზე პრობიოტიკული და სინბიოტიკური (სასარგებლო მიკროოგრანიზმებზე დაფუძნებული ფუნქციური) სასმელების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავებას და ადგილობრივი რესურსების გამოყენების პოტენციალის გაძლიერებას.

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო სამეცნიერო ინტეგრაციას, ქართული კვლევითი გამოცდილების პოპულარიზაციას, ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას და აგროსაკვები სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას.