სიახლეები
22.02.2026
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე სკოლა „ერუდიტების“ მე-10 კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ
სკოლა „ერუდიტების“ მე-10 კლასის მოსწავლეები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც აგრარული მეცნიერების პრაქტიკულ და კვლევით მიმართულებებს გაეცნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს ბაზაზე არსებული ხეხილისა და ვაზის საკოლექციო ნარგაობები, ასევე ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, ზვიად ბობოქაშვილმა დეტალურად გააცნო მათ ხეხილის ბაღში წარმოდგენილი ჯიშები, კოლექციის მნიშვნელობა და აგროტექნიკური თავისებურებები. შეხვედრის ფარგლებში მან პრაქტიკულად აჩვენა, როგორ მიმდინარეობს ნარგაობის სხვლა-ფორმირება და რა პრინციპებზეა დაფუძნებული თანამედროვე ბაღის მართვა.
მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, ნიკოლოზ კირვალიძემ, მოსწავლეებს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ტრადიციაზე ესაუბრა. მან ასევე გააცნო ჯიღაურას ბაზაზე არსებული ამპელოგრაფიული კოლექცია, ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშების მნიშვნელობა და ის კვლევითი სამუშაოები, რომლებიც გენეტიკური რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება.
მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობისადმი ინტერესის გაღვივებისა და აგრარულ მეცნიერებაში ჩართულობის ხელშეწყობისთვის.





.png)







.png)







