facebook
youtube
mail

სიახლეები

27.02.2026

დასავლეთ საქართველოში თხილის ხმობის საკითხზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის პროექტის „თხილის უეცარი (სწრაფი) ხმობის მიზეზების კვლევა და მისი პრევენცია“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.

მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა და მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსმა ზვიად ბობოქაშვილმა სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონულ სამსახურებში მუნიციპალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების სპეციალისტებისთვის სემინარები ჩაატარეს.

შეხვედრებზე განხილული იყო დასავლეთ საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული თხილის სწრაფი ხმობის პრობლემატიკა. მონაწილეებს წარედგინათ ვრცელი პრეზენტაციები, სადაც აღწერილი იყო დაავადების ძირითადი სიმპტომოკომპლექსები, გავრცელების არეალი, გამომწვევი პათოგენური ორგანიზმების ადგილობრივი და საერთაშორისო თანამედროვე ლაბორატორიული კვლევის (ELISA, PCR ანალიზი) შედეგები, ასევე დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკური და კურაციული ღონისძიებები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფერმერებისთვის რეკომენდებული აგროტექნიკური ღონისძიებების დროულ განხორციელებაზე, განსაკუთრებით გაზაფხულის პერიოდში სპილენძის შემცველი პრეპარატებით პროფილაქტიკური შესხურების მნიშვნელობაზე.

სამეცნიერო-კვლევით ცენტრში სპეციალური ბრძანებით შექმნილი თხილის სწრაფი ხმობის პრობლემის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი აგრძელებს დაავადების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურ კვლევას და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას. დაგეგმილია მსგავსი შეხვედრები იმერეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით სემინარებისა და საველე ტრენინგების ჩატარება თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის.